გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მხატვარი რეზო ესაძე – მისი გარდაცვალება”პირველ არხს” ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.
რეჟისორს გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.
რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. რეზო ესაძე 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 2001 წელს კი გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.
18 თებერვალს მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა შედგა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.