“ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სტატიის თარგმანს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სტატიაში – “საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს“ – საუბარია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს. ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.
„ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს… იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ – წერს “სიენენი”.
CNN-ის მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.
„კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, – განუცხადა CNN-ს „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე კანდელაკმა.
„რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ ოფიციალურად მოუწოდა. ბერძნულმა ეკლესიამ კი წირვების ჩატარება 16 მარტამდე გადადო,“ – აღნიშნულია “სიენენის” სტატიაში.