aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს დანიშნული რეისით იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან დღეს, 18 აპრილს,  მორიგი ავიარეისი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები,  სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.

„აღსანიშნავია, რომ ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს. საბჭოს მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი 199 ევროა.

საგარეო უწყება ამბობს, აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება.  გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

იტვირთბა....