“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა,”- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას.
“დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა იყოს თქვენზე, საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი,”- ბრძანა ილია მეორემ.
.პატრიარქის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ ის აკურთა დიაკონად.
შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და მას მრევლიც დაესწრება.
საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.