ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა, აღდგომის დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს”- ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვირუსი ფართოდ რომ არ გავრცელდეს. საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს როგორც ტაძრებში მისვლისგან, ასევე სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ხუნდაძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა გადარჩეს.

“ახლოვდება დღეები, რომელსაც ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ. დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი, გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და  მას მრევლიც დაესწრება.

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

იტვირთბა....