ე.წ ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე პირს სისხლში ვირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდა.
ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების არსებობა კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსი და ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს.
ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი აკეთებს.
“როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი”.
აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან და მათვირუსზე განმეორებით ტესტირება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარდებათ.
ამ საკითხზე ექიმი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ შესაძლოა ადამიანებმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, რაც კიდევ უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენენ სახოგადოებისთვის.
“ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. განსაკუთრებით მკაცრი იზოლაციის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ერთგვარი ირიბი მაჩვენებელია შიდა გადაცემის. ისინი შეიძლება იყვნენ ასიმპტომურები, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით გადაიტანეს დაავადება, ახლა კი არიან გამავრცელებლები”,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 336 შეადგინა. ინფიცირებული ადამიანებიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.