ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დღეს ფოთში დაფიქსირდა.
ინფიცირებულია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები დადგენილია, ხოლო მისი ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ვირუსზე ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ინფიიცრებული მამაკაცი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმების ყურადღების ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, ინფიცირებული მამაკაცი 26-ე პაციენტია, რომელიც ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. ვირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.