პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ინფიცირებული 8 პაციენტია მოთავსებული და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ცნობით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის ინფიცირებული 75 პაციენტი გადის მკურნალობას.
“ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე,”- განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან, რატიანის თქმით, 37 მათგანს პნევმონია აღენიშნება.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. ვირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.