ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება

მთავარსარდალი და სიტყვა (ბლოგი)

სიტყვაზე, მის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე, ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა. მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას – მრავალწახნაგა ბუნება დღემდე ღრმა კვლევის საგნად რჩება და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს დარჩება.

სიტყვა აშენებს და ანგრევს, კურნავს და წამლავს, აცოცხლებს და კლავს… სიტყვებს იღებენ საჩუქრად, იღებენ მადლიერებით და ასევე მადლიერებით გასცემენ… თავს იხვევენ ვალდებულებად და ასევე ვალდებულების მოხდის მიზნით თავიდან იშორებენ… სიტყვებით იმედდებიან და იმედგაცრუებულნიც სიტყვებით რჩებიან…

სიტყვა ერთგვარი სითხეა, რომელიც ნებისმიერ ჭურჭელს ავსებს და მის ფორმას იღებს… უნივერსალური იარაღია სიტყვა და მის დროულ გამოყენებასაც და არგამოყენებასაც თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამ მცირე “პოსტულატით” სიტყვის საბრძოლო მნიშვნელობას მინდა შევეხო, მის ომახიანობით განმსჭვალულ და ასეთით სავსე მნიშვნელობას; სიტყვის იმ მნიშვნელობას, რომელიც ნებისმიერი თქვენგანისთვის ნაცნობია; ნაცნობია ფილმებიდან, ნაცნობია წიგნებიდან… ამოკითხულია ისტორიიდან!.. მთავარსარდლის ბრძოლის წინ წარმოთქმულ სიტყვას მინდა შევეხო.

არავისთვის ახალი არ არის ის, რომ ომში უმეტესწილად ჯარის საბრძოლო შემართებაა ის, რაც მარცხს და/ან გამარჯვებას  განაპირობებს და მეომარი, რომელიც მხნეობით სავსე ომობს, ათ და ას შიშისგან გაფითრებულ მეომარს ჯაბნის!.. აქ იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ უშიშარი მეომრის ბრძოლის ველზე მარცხი უფრო მეტად გამარჯვებაა, ვიდრე მხდალის იმავე ველზე მიღწეული სამხედრო წარმატება!.. ამაზე სხვა დროს, თუმცა მოკლედ იმას დავამატებდი, რომ საბრძოლო შემართება განსაკუთრებულად ნიშანდობლივი იმით არის, რომ შესაძლო მარცხს ასეთად არ და ვერ განიხილავს და ის (მარცხი) თავდადების რანგში აჰყავს… თავდადების, რომელიც მეომრისთვის ფაქტობრივად გამარჯვების ტოლფასია, მისი სხვა ექვივალენტია და სწორედ მხნეობიდან გამომდინარეობს… მხნეობიდან, რომელსაც ჯარში, როგორც ითქვა, დიდწილად მთავარსარდალი, ერთი ადამიანი აღძრავს… ის ერთი, რომელიც ბევრთაგან რჩეულად სწორედ იმიტომ შეიქნება ხოლმე, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ომში ჯარს მხნეობა შემატოს… სიტყვით(!) მიმართოს მას!..

როგორ ეპიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ზემოთაღწერილი, სიმართლეა და მოდით ეხლა მოკლედ და ნაკლებად “კამელოტურად” ის დღევანდელი რეალობა აღვწეროთ, სადაც ბრძოლის ველი დედამიწაა, ერთ-ერთი მისი ფრონტი საქართველო, მტერი ვირუსი, ჯარი ჩვენ, მთავარსარდალი კი… უპსს!.. სად არის მთავარსარდალი?!.. არ არის მთავარსარდალი!.. არ არის და კაი ხანია არც არავის უნახავს.

მთავარსარდალმა ტომრებით თავზე ფული გადმოგვაყარა – “იყიდეთ რაც გჭირდებათ, მე ომისთვის არ მცალია და სიმართლე გითხრათ დიდად არც მეპიტნავებაო… რო მორჩება ეგ დავიდარაბა ერთ-ორ ტომარას კიდე მოვუხსნი პირს და ყველაფერი ისევ კარგად იქნებაო”. – მხოლოდ ასე შეიძლება ჟღერდეს ის დუმილი, რომელსაც ფაქტობრივად ამ სიტყვების ხმოვანება აქვს შეძენილი და იმედია ეს იმდენხანს არ გაგრძელდება, რომ ისინი უკვე მისმა ერთგულმა “ჯარმაც” ასე აღიქვას და ასე გაახმოვანოს.

არ მგონია მეექვსე გრძნობა იყოს მაინც და მაინც იმის აღსაქმელად საჭირო, რომ დღეს და ასეთ ვითარებაში სიტყვით გამოსვლა არაიმდენად აუცილებელი, რამდენადაც განსაკუთრებულად აუცილებელია და ინებოს იქნებ ვინმემ კეთილი და სანამ ასეთ (იმედია დროებით) ყოყმანს აქვს ადგილი დაუწეროს სიტყვა… სიტყვა, რომელიც უნივერსალური იარაღია და მის დროულ გამოყენებასაც და არგამოყენებასაც თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

P.S. “მთავარსარდალი” ბრჭყალებში ხომ არ ჩავსვა-თქო, ვიფიქრე, მაგრამ არ ჩავსვი… ფორმალობა ამ შემთხვევაში მეასეხარისხოვანია. საგნების რეალური მდგომარეობა ყველამ ვიცით და ამ ცოდნისგან გამომდინარე სჯობს როგორც წერა, ისე კითხვაც.

ვასო შონია

 

იტვირთბა....