თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის სტატისტიკის მატებისა, ვითარება ზომიერი და კონტროლირებადია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კოვიდის სამკურნალო ცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს.
„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ გრძელდება მართალია დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია.
გუშინ დილას იცით, რომ იყო 233 დადასტურებული პაციენტი, სამი როგორც იცით არის შემოტანილი დადასტურებული, რომელსაც ამ 233-ს არ ვათვლით და ცალკე გვაქვს. ამ 233-ს დაემატა 19 პაციენტი და დღეს დილისთვის გვაქვს 252. ამ 252-ში უკვე 60 გამოჯანმრთელებულია ქვეყნის საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი გამოჯანმრთელებული. გუშინ ჩვენ ოთხი პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ აი ამ 252-ს, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კოვიდის სამკურნალო ცენტრებში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანი ინფიცირებული.
252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 60. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი.
კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.