“მოვითხოვ პოლიციამ დააპატიმროს დეკანოზი შალვა კეკელია, ის თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღმერთის სასჯელით აშინებს ხალხს და მოუწოდებს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ”, – ამ განცხადებით თეოლოგი და საპატრიარქოს ყოფილი პრესმდივანი, ბასილ კობახიძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგების ვიდეოს ეხმიანება.
“ჯანმრთელი ადამიანი რომ წირვაზე არ წამოხვალ აღდგომას, ქრისტიანის სახელი როგორ უნდა ატარო. ეს ყველაფერი რომ გადაივლის, მერე როგორ უნდა დადგე წირვაზე, რა უნდა უთხრა მერე ღმერთს. მაშინ საშიშროება იყო და შენთან ტაძარში არ მოვედი? შენთან სახლში არ მოვედიო? მოდი ტაძარში და დაიცავი დისტანცია”, – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია ქადაგებისას საუბრობს.
თეოლოგმა ბასილ კობახიძემ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ეკლესიის საკითხზე ისაუბრა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეკლესია რჩება ფანატიკურ პოზიციებზე, სახელმწიფო კი დაბეჩავებულია.