“ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.
ზურაბ გურიელიძის თქმით, კორონავირუსთან მიმართებით ცხოველებზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაცემულა.
„დაფიქსირებულია ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა კორონავირუსი, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი, რომელსაც გადაედო მომვლელისაგან. სხვა არანაირი ინფორმაცია ცხოველებზე გადადების შესახებ არ არის. ითვლება, რომ ეს ვირუსი ცხოველებზე არ გადადის. ეს ერთადერთი შემთხვევა არის გამონაკლისი და არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ამჟამად თბილისის ზოოპარკი დაკეტილია და გაიხსნება კარანტინის დასრულების შემდეგ.