თუ ამ ბლოგს კითხულობთ, ესეიგი ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ფიქრობს, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც ყველაფერი ისე ვერ არის, უამრავი პასუხგაუცემი კითხვა დაგიგროვდათ და ვერ გაგიგიათ ვინ დაადანაშულოთ იმ დაბნეულობაში, რასაც განიცდით. იმ მილიონობით ქალს შორის, რომლებიც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან, რასაკვირველია მარტო თქვენ არ ხართ, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ დისფუნქციურ, არაჯანსაღ ურთიერთობაში იმყოფება, რადგან კვალიფიციური ინფორმაცია პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისა და დისფუნქციური ურთიერთობების შესახებ, საკმაოდ მწირია და ცოტამ თუ იცის, რომ ერთს, ყოველ 5 ადამიანში პიროვნული აშლილობა აქვს. პიროვნული აშლილობები ორივე სქესის პრობლემაა, თუმცა პატრიარქალური საზოგადოებისა და ჩვენს კულტურაში ღრმად ფესვგამდგარი ტრადიციების გამო, ვთვლი, რომ დაზარალებულთა უმრავლესობა მაინც ქალია და ვინაიდან არც მე წარმოვადგენ ჩვენი კულტურის მსხვერპლთა შორის გამონაკლისს, ამიტომაც არის რომ ქალებისთვის ვწერ.
როცა მსხვერპლი თავად ხდება მოძალადე
ნებისმიერი დისფუნქცია ოჯახიდან და იმ კულტურიდან იღებს საფუძველს, სადაც ვცხოვრობთ. აღზრდის არაჯანსაღმა სტილმა კი, მიუხედავად იმისა, რომ თანაბრად მატრავმირებელი იყო ის როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის, ფართოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო სრულიად სხვადასხვაგვარი ასახვა ჰპოვა გენდერულ ჭრილში. ბიჭების აღზრდა ძირითადად ზემზრუნველი (overprotective) სტილით მიმდინარეობდა, ისინი მომავალი კაცები იყვნენ და როგორც პატრიარქალური საზოგადოების წესები ითვალისწინებდა, მორჩილი, ფუტკარივით მშრომელი და კაცების მსახურებაში მყოფი ქალები, მათთვის ურთიერთობის დაწესებულ ნორმად იქცა. ემიგრანტების ისტორიამ კი ნათლად დაგვანახა, რომ შედეგად პასიური, დამოკიდებული, უინიციატივო, ეგოცენტრული კაცების თაობები მივიღეთ. აღზრდის ასეთ სტილს ფროიდი ფსიქოლოგიურ კასტრაციას უწოდებდა და მართლაც, კულტურის მსხვერპლი ყველა კაცი, ქალში შემდეგ მხოლოდ ფსიქოლოგიური დედის ძებნას განაგრძობდა. უპირობო მიმღებლობა, ზრუნვა, გაგება, მისი პირადი, ოჯახური თუ ფინანსური პრობლემების საკუთარ მხრებზე უყოყმანოდ აღება, ფსიქოლოგიური საზღვრების სრული უქონლობა… ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ფსიქოლოგიურ დედას მოეთხოვება და ვინაიდან ამ გაუგებრობაში მოხვედრილი ვერცერთი ქალი ამ მოლოდინებს ბოლომდე ვერასოდეს გაამართლებდა, შემდეგ იწყებოდა გარდაუვალი კონფლიქტები და დამოკიდებული მამაკაცის ტრანსფორმაცია თანადამოკიდებულად. ეს კი ის შემთხვევაა, როცა მსხვერპლი თავად ხდება მოძალადე, ეს პასიურობის ანტიპროგრამაა, ჯაყოს სინდრომი, ქვეცნობიერის პროტესტი დედაზე, სადაც განტევების ვაცი ბუნებრივია ის ქალია, ვინც დაიღალა, ვინც მიხვდა, ვინც გამოფხიზლება დაიწყო და გააცნობიერა, რომ სიყვარული მხოლოდ მაშინ არის სიყვარული, თუ ის თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება, სხვა ყველაფერი კი დისფუნქცია და მანიპულაციაა.
უამრავი მსხვერპლი, მწირი ინფორმაცია, პრევენციისა და ფსიქოლოგიური განათლების არარსებობა
საზოგადოება და იმ საზოგადოებაში მცხოვრები ვერცერთი ქალი ვერ აირიდებს იმ პრობლემას, რის შესახებაც მათ წარმოდგენა არ აქვთ. და ბუნებრივია, მსხვერპლი ვერ გადაწყვეტს მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება, თუ მან ისიც კი არ იცის დარწმუნებით, რომ მსხვერპლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა, როდესაც საქმე ეხება ოჯახის დაგეგმვასა თუ არასასურველი ორსულობების აცილებას, ვირუსისა თუ ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს, კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. თუმცა არანაირი საგანმანათლებლო და პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება საიმისოდ, რომ ადამიანებმა შეძლონ ფსიქო მენტალური ზიანის პრევენცია და პიროვნული აშლილობების მქონე ადამიანების დროული იდენტიფიკაცია. ეს კი თანაბრად აზარალებს როგორც პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებს, ასევე მათ, ვინც მათი რეპრესიის ქვეშ იმყოფებიან და მაკროსოციალურ ჭრილში, მთლიანად საზოგადოებასაც. ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება და ერთგვარი სოციალური მიოპია უხილავს ხდის დახურული კარს მიღმა მყოფ, ეგრეთწოდებულ ‘’ შესანიშნავ ოჯახებში თუ ურთიერთობებში მცხოვრებ’’ უამრავ, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფ ქალებს.
პათოლოგიური სიყვარული და ტოქსიური ურთიერთობები. ვინ დგას მათ უკან.
ყველა იმ ქალს, რომელმაც ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ემოციურად ცალმხრივ ურთიერთობას თავი დააღწია ერთი კითხვა უტრიალებს თავში: ‘’თუ გიყვარს, რატომ უნდა აყენებდე ამხელა ზიანს იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს და რა დგას ამის უკან’’. საზოგადოება კი ფიქრობს, რომ ფსიქოპათი მაინცდამაინც სერიული მკვლელი უნდა იყოს და შეშლილი სახითა და გადმოკარკლული თვალებით უნდა დაიარებოდეს ქუჩაში. სინამდვილეში, ნებისმიერი, რაციონალურად მოსაუბრე, კარიერაში ასე თუ ისე შემდგარი, თუ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცის უკან, შესაძლოა იმალებოდეს პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი. ისინი ეფექტურად მართავენ ურთიერთობებს საზოგადოებრივ თუ სამსახურებრივ დისტანციაზე, მაგრამ ანადგურებენ მათ გვერდით მცხოვრებ ადამიანებს და დისფუნქციური ურთიერთობის საშინელ მოდელს უნერგავენ საკუთარ შვილებს. DSM5 ის ( მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური მანუალი) მიხედვით ეს ადამიანები არიან პათოლოგიური ნარცისები, მოსაზღვრეები, ისტერიულები, დამოკიდებულები, შიზოიდები, ობსესიურ კომპულსიურები, ანტისოციალურები და ა.შ. ბუნებრივია, მათ, ისევე როგორც მათ მსხვერპლებს, დახმარება ესაჭიროებათ და პიროვნული აშლილობების ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ სტიგმატიზაციას.
მენტალური სტიგმის გამო, მენტალური პრობლემების მქონე პაციენტების სტატისტიკა სამწუხაროდ, საქართველოში არ წარმოებს. მაგრამ ცნობილია, რომ ხუთიდან ყოველ ერთ ადამიანს ესა თუ ის პიროვნული აშლილობა აქვს. მაგალითად ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის თანახმად, 13 მილიონი ადამიანი არის ცნობიერების არ მქონე, პათოლოგიური მატყუარა, იმპულსური, მანიპულატორული, ისინი ცნობილები არიან როგორც ფსიქოპათები. 9 მილიონი ადამიანი არის მტრული, უპასუხისმგებლო, კრიმინალური ქცევის მქონე- ისინი ცნობილები არიან როგორც ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე პირები. 20 მილიონი არის ცინიკოსი, აგრესიული, განდიდების მანიით შებყრობილი, სხვებისადმი სარკასტული, აგრესიული და არ შეუძლიათ სხვისი სურვილებისა და საჭიროებების არც დანახვა და არც გათვალისწინება- ისინი ცნობილი არიან როგორც პათოლოგიური ნარცისები.
მათთვის, ვინც კვლავ დაბნეულია, ეჭვებშია და აკლია თავდაჯერება
პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია ის, რომ რა პრეტენზიებიც თქვენ მათ მიმართ გაგაჩნიათ, ნაცვლად იმისა რომ თქვენს განცდებს მოუსმინონ, ისინი იმ პრეტენზიებს უკან ორმაგი დოზით გიბრუნებენ და ყველაფერს თქვენ გაბრალებენ.ხოლო თუ არგუმენტი ვერ მონახეს, თქვენი სრულიად ჯანსაღი პრეტენზიების არსებობას, თქვენში არსებულ ნაკლებ სიყვარულს აბრალებენ. ასე რომ მათთან ურთიერთობაში საითაც არ უნდა გაიქცეთ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. რა თავისებურებები ახასიათებთ მსხვერპლ ქალებს და როგორ უნდა მიხვდეთ რომ მსხვერპლი ხართ?
- იმყოფებით კოგნიტურ დისონანსში- კოგნიტური დისონანსი ეს არის შინაგანი ომი, შინაგანი დისჰარმონია, გულისა და გონების გაყოფა
- დისონანსი იწვევს იმას, რომ თქვენ იძულებული ხართ მხოლოდ სელექტიურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები და მისწრაფებები, რათა არ დაიმსახუროთ მოძალადის კრიტიკა. აკონტროლებთ ყველაფერ იმას თუ რას იტყვით, როგორ იტყვით და ახდენთ თქვენი სურვილებისა და მოლოდინების გამუდმებულ რეპრესიას/ დათრგუნვას.
- გამუდმებით ებრძვით თქვენს თავს და ცდილობთ უამრავი გამართება მოუძებნოთ მოძალადეს და ნაცვლად იმისა რომ პასუხისმგებლობა დააკისროთ მას თქვენზე ნაკლებ ზრუნვაში, პასუხისმგებლობა გარემოებებზე გადაგაქვთ მის გასამართლებლად
რაში მდგომარეობს გამოსავალი
წინა ბლოგი თანადამოკიდებულების შესახებ მქონდა დაწერილი, (https://www.mariamkukunashvili.com/თანადამოკიდებულებიდან-დ/)
და მათ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევ თვალი გადაავლონ მას, რადგან როგორც კვლევებმა დაადასტურა, ხშირად თანადამოკიდებულება სულაც არ არის გამოწვეული არც დაბალი თვითშეფასებით და არც ბავშვობისდროინდელი ტრავმით. ქალები ხშირად თანადამოკიდებულები ხდებიან სწორედ იმ დისფუნქციური ურთიერთობის შედეგად, რომელიც ზრდასრულობაში დაიწყეს და სადაც დააჯერეს, რომ სიყვარული სხვაზე ცალმხრივი ზრუნვა და გამუდმებით სხვისი საჭიროებების ირგვლივ ტრიალია.ეს კი დროთაგანმავლობაში თვითშეფასების პრობლემასაც ქმნის. ფსიქოლოგიაში კი არავინ დაობს იმაზე, რომ როგორიცაა ჩვენი თვითშეფასება, ისეთივეა ჩვენი გვერდით მყოფი. ამიტომ იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოთ დისფუნქციურ ურთიერთობებს, გამოსავალი სწორად შერჩეულ ფსიქოთერაპევტი და თერაპიაა. მანამდე კი, ნურავინ დაგაჯერებთ იმას , რომ არ იმსახურებთ ზრუნვას, ემფატიას, გაგებას, ჯანსაღ სიყვარულს, საკუთარი მოსაზრებების, სურვილებისა და მოლოდინების აუთენტურ გამოხატვას. ნურც იმას, რომ თქვენი საჭიროებები და სურვილები სხვისაზე ნაკლებია. მეტი იფიქრეთ იმაზე თუ რას ითმენთ, ჩვენ ვასწავლით სხვებს იმას, თუ როგორ მოგვექცნენ..
მარიამ კუკუნაშვილი