საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ დღემ დაადასტურა ქვეყნის სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
როგორც რან გიდორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ ქართველი ხალხის თავდადება განსაკუთრებულად ახლო და სამაგალითოა.
“ისრაელის საელჩო ებრაელი ერის სახელით გამოხატავს უღრმეს პატივისცემას ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებმაც 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია. ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ თქვენი თავდადება ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლო და სამაგალითოა“, – აღნიშნავს ელჩი.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.