ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის  გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. – მსოფლიო ბანკის ანგარიში

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის  გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.

ანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

“მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან. რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს – სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას”,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი  საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად მოიხსენიებს.

“მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს ფართო, სწრაფ რეაგირებას განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიაზე რეაგირების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....