ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ მსოფლიოში რამდენიმე სახეობის პრეპარატის ცდა მიმხინარეობს და იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე მედიკამენტს უახლოეს მომავალში დაადასტურებს.
ამის შესახებ გოგინავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, გოგინავა ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, ვიდრე ვაქცინა.
“როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.