“მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება არ იქნება ერთთვიანი ან ორთვიანი. ეს პროცესი იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივიც” – გვეუბნება ჯანმრთელობის მინისტრი და მართალიც არის… მართლები არიან უფრო სწორად!
ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი იქნება!.. ხანგრძლივი ხო გრიპიც არის?! გრიპი მუდმივად გავრცელების სტადიაშია, ოღონდ მსოფლიოს ეს ამგვარ შოკში მისი (გრიპის) ამაზე უფრო მეტად სასიკვდილო ფორმებით გამოვლენის პერიოდშიც არ გადაზრდია.
კი, ამ ინფექციის გავრცელება შეიძლება ხანგრძლივი იყოს, ოღონდ აქ უფრო მეტად საინტერესო ის არის რამდენად ხანგრძლივი იქნება ადამიანზე მისი ის ფსიქოზური ზეგავლენა, რომელსაც თვალს დღეს ვადევნებთ და რომელსაც მეტწილად მინდა შევეხო.
დღეს ვხედავთ, რომ დაავადების ინფექციურ მახასიათებლებზე უფრო მეტად ყურადსაღები ამ ვირუსის ადამიანზე ზემოქმედების სულ სხვა ფაქტორი და გარემოებაა.
ჩვეული რეალობის, ასე მყისიერად და ასეთ მასშტაბებში, უჩვეულოში გადაზრდა ბევრისთვის რბილად რომ ვთქვათ სტრესული აღმოჩნდა… არც ისე ცოტასთვის კი ეს ყველაფერი რეალობიდან ლამის კატასტროფის ჟანრის მხატვრულ ფილმში გადანაცვლებაა და გასაკვირი ამაში არაფერია. შიში, რომელმაც ბევრს მოსვენება დაუკარგა და ბევრისთვისაც გონებაში ერთგვარ განგაშის სიგნალად ჩაირთო ნორმალურია! გაურკვეველი მომავალი ადამიანს რა თქმა უნდა აფრთხობს, ოღონდ… შიშს მოქმედებაში და უმოქმედობაში გარდასახვის უნარი გააჩნია!..
შიშს შეუძლია გიბიძგოს!.. შიშს შეუძლია გაგაშეშოს!..
შეეცადეთ აზროვნებას დროისა და სივრცის კრიტერიუმები არ მიადუღოთ, მხოლოდ მსუბუქად მიუსადაგეთ… ეს სიცოცხლის ერთ წერტილზე ლოკალიზებისგან დაგიცავთ… მითუფრო რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს დაავადება გარკვეულწილად ზუსტად შიშისა და მისგან გამომდინარე ყველა იმ დაძაბულობის განსამუხტად მოგვევლინა, რომელთაც ადამიანმა თავის შიგნით და თავის გარშემოც თავი მოუყარა და იმედია განვმუხტავთ კიდეც.
საქმე იმაშია, რომ კოვიდ-19 ადამიანის იმ “ორგანოს” შეეხო, რომელიც მასში ერთმნიშვნელოვნად არის, თუმცა ასევე ერთმნიშვნელოვნად თვლემს!..
უცნაურად ჟღერს ეს მტკიცებაც, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია, და მიუხედავად იმისა, რომ ამ “დღესავით ნათელს” პლანეტის უამრავი ადამიანისთვის შეიძლება კუნაპეტი ღამის ფორმაც ჰქონდეს, მაინც თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ მოვლენა, რომელიც კაცობრიობას დღეს სახეზე დაავადების სახით გვაქვს, გკვლავს და რომელსაც ვებრძვით, არის ჩვენი მომავლის პოტენციური ჯანმრთელობის წინაპირობა… იმ მომავალი ჯანმრთელობის წინაპირობა, რომლის პოტენციალიც ადამიანში არის!.. არის, თუმცა სძინავს.
გათითოკაცებულ და იმავდროულად როგორც არასდროს ისე ერთიან კაცობრიობას ამწუთას აჯანჯღარებენ!.. ბუნება (ვისაც რა და როგორ გეხერხებათ, ამ სიტყვის ქვეშ ის წარმოიდგინეთ) მის გამოღვიძებას ცდილობს და მომენტს თუ გარდამტეხი შეიძლება ეწოდოს, მაშინ ეს სწორედ ის მომენტია!.. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ და ხედვასთან ერთად, ჩვენს ნებელობაზეა დამოკიდებული, რეალიზდება ის პოტენციალი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე და განმავლობაში ჩვენი გონების სადღაც თვალ, ყურ და სულმიუწვდომელ სარდაფებში ვმალავდით, თუ ისევ იმ გონებადახუჭულ მდგომარეობას დავუბრუნდებით, რომელშიც საყოველთაო სიცოცხლეში ცოცხლები თითქოს ჩვენ ვართ მხოლოდ, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელ იმ საგნებს(!) და დანამატებს წარმოადგენს, რომლებსაც ჩვენგან დამოუკიდებლად არანაირი ღირებულება არ გააჩნია და დანიშნულებაც მხოლოდ ერთი აქვს: თავისი არსებობით ადამიანის არსებობის უზრუნველყოფა!..
დღეს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად ამაღელვებელ ზღვარზე ვდგავართ. განსულიერების მორიგ, სიცოცხლის ჩვენთვის აქამდე უცნობ დინებას ვუერთდებით და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა “სულიერება” აქამდე ბევრისთვის ბგერათა უბრალო ერთობლიობა იყო, დღეიდან ის სხვა, უფრო მეტად ქმედება იქნება, ვიდრე მხოლოდ სიტყვა.
უკეთეს პერსპექტივაში, არამარტო გონიერი ადამიანის ყურისთვის გასაგებად, გონიერი ადამიანის გონებისთვის გასაგებადაც გავიგებთ იმას, რომ გარემო, რომელმაც გვშვა, გვასაზრდოა და რომელიც ჩვენს გამართულად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას იმიტომ უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ჩვენის მხრივ მას უკან გამართული გონების პროდუქტი – სიყვარული დავუბრუნოთ და მასთან ერთად განვითარების სულ სხვა, ზღაპრულ დონეზე გადავინაცვლოთ, ერთია!.. ერთია, სადაც “ერთი” რიცხვთან ერთად მდგომარეობაც არის.
ვასო შონია