ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კათოლიკე ეკლესია სააღდგომო მსახურებებს მრევლის გარეშე ჩაატარებს

“კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცემული დეკრეტით წმინდა კვირის შესახებ მრევლს დიდი შვიდეულის განრიგი და სამწყსო მითითებანი აცნობა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კათოლიკე ეკლესია ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ბზობის კვირადღისა და უფლის სერობის წირვები, უფლის ვნების მსახურება, საპასექო ღამისთევა და აღდგომის კვირადღის წირვა შეიძლება, აღსრულდეს, თუმცა ყველა მათგანი ხალხის დაუსწრებლად. ყოველმა წინამძღვარმა საკომენდატო საათის გათვალისწინებით (მის დაურღვევლად) უნდა აღასრულოს მსახურება თავის ეკლესიაში“.

„დიდ ხუთშაბათს, 9 აპრილს, უფლის სერობის წირვა 18:00 საათზე თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ტაძარში ჩატარდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფეისბუკზე (Sabamedia).

წითელ პარასკევს, 10 აპრილს 15:00 საათზე უფლის ვნების მსახურება არლის წმ. იოსების კათოლიკურ ტაძარში შედგება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფეისბუკზე (Sabamedia).

ამავე დღეს, საღამოს 11:00 საათზე „ფეისბუკის“ გვერდზე (Sabamedia) განხორციელდება პირდაპირი ჩართვა რომიდან – ჯვრის გზა პაპ ფრანცისკესთან ერთად.

უფლის პასექის ღამისთევის მსახურება 11 აპრილს, 18:30 საათზე დაიწყება მარიამის ზეცად აღყვანების თბილისის საკათედრო ტაძრიდან. სააღდგომო მსახურების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის (საქართველოს პირველი არხი) მიერ“, – ნათქვამია ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს დეკრეტში.

იტვირთბა....