ჯანდაქცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანა სისხლის პროდუქციის დეფიციტამდე რომ არ მივიდეს, აუცილებელია სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართოს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სისხლის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვინც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან.
„დღესდღეობით ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენი სიპები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ასევე, მოვუწოდებ ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება, თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში. ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვინც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან „კოვიდს“, მაგრამ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში სისხლის პროდუქციის მარაგი მცირდება. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანა სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დადგეს.