თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში უკვე მეოთხეული გადაცემა დაწყებულია და ამის ფონზე არსებული მაჩვენებელი საგანგაშო ნამდვილად არაა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეში 18-20 ახალი ინფიცირების შემთხვევის მატება ტრაგედია არ არის.
“115-დან 148-ზე ასვლა არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია. როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტორლირებადია და იმედია, რომ ასე დავამთავრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.