საქართველოში დღეს გამოვლენილი ახალი ინფიცირებული შემთხვევებიდან ორი მათგანი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანი შიდა გადაცემას უკავშირდება და ამ დროისთვის მათი წყარო დადგენილი არ არის.
“დაემატა ორი ახალი შემთხვევა. ორივე პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის. როგორც მაქვს ინფორმაცია, მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის.
ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა”,- აცხადებს სოლოღაშვილი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ცხრა დადასტურებული შემთხვევაა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.