ურთიერთობა ცეკვას ჰგავს, ხილული ენერგიებით, რომელიც წინ და უკან მოძრაობს ჰარმონიულად, ორ ადამიანს შორის. ზოგჯერ ჰარმონია არ ჩანს, ენერგია წრედს ვერ კრავს, ატმოსფერო წინა პლანზე გამოდის, წყვილი იკარგება და მაყურებლისათვის უინტერესო ხდება, რადგან ერთი პარტნიორი გამუდმებით მიათრევს მეორეს. ეს კი ცეკვა არ არის, ეს ჯაჯგურია, ომია, დასწავლილი ქცევა და ემოციური მდგომარეობაა, სადაც ერთმა იცის, რომ უღელში შებმული ხარივით ჭაპანი უნდა გასწიოს, მეორე კი მორჩილი ბავშვივით მიყვება დინებას და ფიქრობს, რომ ამით უკვე დიდ საქმეს აკეთებს და ურთიერთობის ფუნდამენტიც სწორედ ეს არის. ასეთ თანადამოკიდებულებაში მყოფი ადამიანები ხშირად აყალიბებენ ან ინარჩუნებენ ურთიერთობებს, რომელიც არის ცალმხრივი, ემოციურად დამანგრეველი, პასიური აგრესიებით სავსე და ზოგჯერ ძალადობრივიც.
რა არის თანადამოკიდებულება?
ფსიქოლოგიური განმარტების მიხედვით, თანადამოკიდებულება ეს იმ ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და ქცევითი მდგომარეობაა, რომელიც ხანგრძლივად იმყოფებოდა შემზღუდავ, რეპრესიულ გარემოში. იქ, სადაც შეუძლებელი იყო ღიად გამოეხატა საკუთარი სურვილები, ემოციები, მოსაზრებები და პიროვნული პრობლემები. ერნი ლარსენი, ერთ ერთი პიონერი ფსიქოლოგი, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე კლიენტებთან მუშაობდა, ასე განმარტავს თანადამოკიდებულებას: „ეს საკუთარი თავის მიტოვებაა, იმის აღიარება, რომ დაგამარცხეს და დაგიმორჩილეს, დასწავლილი ქცევა, რის შედეგადაც დაგაჯერეს, რომ თანასწორობაზე, ზრუნვაზე , სამართლიანობაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ილუზიაა“ და წუთით ეჭვიც რომ შეგეპაროს ამ ილუზიაში, ფიქრობ, ჯანსაღ და აუთენტურ სიყვარულს არც იმსახურებ, რადგან არასოდეს გამოგიცდია იგი. ყოფილი თანადამოკიდებული კლიენტები, შედარებით არაპროფესიონალურ ენაზე თანადამოკიდებულებას ასე განმარტავენ:
„იყო თანადამოკიდებული ნიშნავს, რომ მხოლოდ მე მაქვს ზრუნვის ვალდებულება“.
„ვისთანაც არ უნდა დავიწყო ურთიერთობა, ეს ყოველთვის დიდი ტკივილში გადაიზრდება და ადრე თუ გვიან, კრახით დამთავრდება, წერდა ერთ ერთი თანადამოკიდებული“
„ინიციატორი ყოველთვის შენ ხარ, ბოდიშს მხოლოდ შენ იხდი, შენი ემოციები არარელევანტურია და ვინაიდან პასუხისმგებლობაც მხოლოდ შენზეა, დამნაშავის სკამიც მუდამ შენთვის არის გამზადებული. ყოველთვის არასწორ ადამიანებს ვიზიდავდი, იმათ, ვისაც აქეთ უნდა ექაჩო, პასიურებს, უინიციატივოებს, ალკოჰოლიკებს, ისეთებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ეგოს გარშემო ტრიალებდნენ და ემოციურად არასოდეს იყვნენ ჩემთვის ხელმისაწვდომნი. მათთვის ყავარჯნის ფუნქციას მანამ ვასრულებდი, სანამ პრეტენზიებად შეარაცხული სიყვარულის დეფიციტი საბოლოოდ გადაკეტავდა ჟანგბადისა და იმედის ბოლო წვეთს. „წერდა ერთ-ერთი ყოფილი თანადამოკიდებული ქალი“.
ფროიდის მიხედვით, თანადამოკიდებული ადამიანები იდეალური მშობლის როლში დგებიან იმ ადამიანების მიერ, ვინც ფსიქოლოგიურ ზრდასრულობას ვერ მიაღწია, ვინც პარტნიორში ქალს ან კაცს კი არა, დედას და მამას ეძებს და მისგან მხოლოდ უპირობო მიმღებლობის, მხარდაჭერისა და ზრუნვის მოლოდინი აქვს, თავად კი არაფერს აკეთებენ საპირწონეს. ეს კი იმას გავს, ცალმხრივ ქვაღორღიან გზას მარტოდმარტო მიუყვებოდე და გზადაგზა კარგავდე ყველა იმ ღირებულებას, რასაც ნდობა, იმედი, სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა ჰქვია.
როგორია თანადამოდებული ადამიანი?
თანადამოკიდებულ ადამიანებს აკვიატების დონემდე ყავთ აყვანილი სხვა ადამიანები და საოცარი სიზუსტითა და დეტალებზე ორიენტირებით უდგებიან მათ. რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები, რა ეწყინებათ და ეტკინებათ, რა გაუხარდებათ და დასჭირდებათ გარშემომყოფებს. რითი დაეხმარონ და როგორ შეცვალონ ისინი უკეთესობისკენ – ეს არის მხოლოდ მათი საზრუნავი. ბუნებრივია ასეთი ქცევა სხვის კონტროლს, გადაკეთებისა და ხელახალი აღზრდის ილუზიას ეფუძნება, თუმცა თანადამოკიდებული ადამიანები ამას უაღრესი გულწრფელობითა და იმ ადამიანებთან ერთად უკეთესი მომავლის იმედით აკეთებენ, ვისთან ერთადაც უწევთ ცხოვრება თუ მოღვაწეობა. კარგი მეუღლე, კარგი დედა, კარგი თანამშრომელი, კარგი მეზობელი – ესაა მხოლოდ მათი საზრუნავი და დანაშაულის განცდის უდიდესი ტვირთის ზიდვა უწევთ ყველა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაამართლეს სხვისი იმედები. სხვაზე ზრუნვაში კი საკუთარი თავი ავიწყდებათ, იშვიათად ამბობენ არას და თითქმის არასოდეს უსმენენ საკუთარ სურვილებს. შესაბამისად, ხშირად ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლნი და ინტიმურ ურთიერთობებშიც მხოლოდ „ძნელადაღსაზრდელ უმადურ ბავშვებს“ იზიდავენ.
რა დგას თანადამოკიდებულების უკან?
საკუთარ თავს ჩვენ მხოლოდ სხვებთან მიმართებაში შევიმეცნებთ. შესაბამისად სამყაროსა თუ გარშემომყოფი ადამიანების აღქმა პროექციებს ეფუძნება. (პროექცია – საკუთარი სურვილი, აზრი, საჭიროება, მიაწერო სხვას და გეგონოს, რომ ეს მისი აზრი, საჭიროება და სურვილია). თანადამოკიდებულები, სინამდვილეში, საკუთარ თავზე ზრუნავენ, ოღონდ მათზე დამოკიდებული, პასიურ როლში ჩამდგარი ადამიანებისაგან განსხვავებით, საკუთარ საჭიროებებს თანადამოკიდებულები ამას სხვებზე პროექცირების საშუალებით ახორციელებენ. ამიტომაც ყველაზე უკეთეს შემთხვევაში თანადამოკიდებულები მორჩილ, პასიურ, უინიციატივო პარტნიორებს იზიდავენ, შემდეგ კი გამუდმებულ იმედგაცრუებაში იმყოფებიან ცალმხრივი, დაუფასებელი და უინიციატივო ურთიერთობისაგან. უარეს შემთხვევაში, მანიპულაციის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და უსასრულოდ უწევთ სიზიფეს ლოდის ზიდვა და სხვისი სურვილებისა და მოლოდინების გამართლება.
თანადამოკიდებულება და ფსიქოთერაპია
თავისუფლება და სულიერი სიმშვიდე იგივეა, შეგეძლოს პასუხისმგებლობა აიღო შენი ბედნიერების ყველა ასპექტზე და მარტომ იპოვნო სულიერი საყრდენი, რათა მყარად დგომა შეძლო მიწაზე. თანადამოკიდებულება კი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა და როგორც თანადამოკიდებულები, ასევე მათზე დამოკიდებულები, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებულ სტრესში და საკუთარი თავის მიუღებლობაში იმყოფებიან, მაინც იშვიათად, ან ძალიან გვიან ხვდებიან, რომ პრობლემა აქვთ. გარდა ამისა, ერთი ბლოგის ფარგლებში შეუძლებელია დამოკიდებულებისა თუ თანადამოკიდებულების ყველა იმ ასპექტს შეეხო, რაც ვინმეს პრობლემის საფუძვლიანი მოგვარებისათვის რაიმე ღირებულს მისცემს. ფსიქიკა გამუდმებით გვეთამაშება თამაშებს და ასევე ნათქვამია, რომ მენტალურ პრობლემებს, ისევე როგორც ნებისმიერ დაავადებას, ამ დაავადებებზე წიგნის/ ბლოგის კითხვა რომ შველოდეს, ექიმები და თერაპევტები საჭირონი აღარ იქნებოდნენ. ამიტომ თანადამოკიდებული ადამიანებისათვის ყველაზე სწორი გამოსავალი ფსიქოთერაპია და სწორად შერჩეული ფსიქოთერაპევტია.
მარიამ კუკუნაშვილი