ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“Evolution Gaming-მა 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა და 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა” – EMC

ონლაინკაზინოების პროვაიდერმა Evoluyion Gaming-მა, საქართველოში კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს 1 300 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათი განცხადებით, გათავისუფლებული თანამშრომლები საოპერაციო პოზიციები ეკავათ და გამოსაცდელი ვადით იყვნენ.

ფაქტს,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანიამ შრომითი სტანდარტები და დასაქმებულთა უფლებები დაარღვია. მათი თქმით, Evoluyion Gaming-მა 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

“როგორც ცნობილი გახდა, სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეუწყდებათ. კომპანია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილ მდგომარეობას და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას ასახელებს.

მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ კომპანიამ მხოლოდ იმ თანამშრომლებთან გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რომელთაც გამოსაცდელი ვადით ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება დადებული და არა სხვა დასაქმებულებთან, რომელთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კანონი სათანადო კომპენსაციის გადახდას ავალდებულებდა. ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშაო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას.

ორგანიზაცია წერილობით გადაამოწმებს ოფიციალურ უწყებებთან მასობრივი დათხოვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ფაქტს, თუმცა ამგვარი შეტყობინება დასაქმებულებს ამ დრომდე არ მიუღიათ”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იტვირთბა....