ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომენდანტის საათის შემოღებას, ძირითადად ორი აზრი აქვს…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია, საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებას ეხმიანება. მისი თქმით, კომენდანტის საათს, ღამის 9-დან ორი აზრი აქვს. როგორც ნოდია ამბობს, პირველი, ეს ხალხის საღამოს 9 საათიდან სტუმრად წასვლას, ხოლო მეორე ეკლესიას უკავშირდება.

“ერთი – ხალხი სტუმრად ძირითადად საღამოს დადის, აგრეთვე საღამოობით უფრო იკრიბება ეზოს თუ უბნის ბირჟებზე და ა. შ. ახლა ეს ვეღარ მოხდება, ან ვეღარ უნდა მოხდეს. საღამოს სტუმრად თუ წახვალ, ღამე იქ უნდა დარჩე. ეს დიდი პრობლემა არ იყო ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ გადადების ალბათობას რაღაც ზომით შეამცირებს (ზოგადად, ალბათობის შემცირებას ემსახურება ყველანაირი დრაკონული ზომა ამ შემთხვევაში, და ეს, ცხადია, მნიშვნელოვანია).

მეორე აზრი ისევ და ისევ ეკლესიას უკავშირდება, ამჯერად წინა- და სააღდგომო წირვებს. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა. თუმცა, აქ უკვე მთავარი საქმე იმპლემენტაციაა, ანუ სახელმწიფო რამდენად გაბედავს, საკუთარი შემოღებული წესები ეკლესიაზეც გაავრცელოს. ვნახეთ, რომ აქამდე დიდად ვერ გაბედა – აშკარად 10 კაცზე მეტი იკრიბებოდა ეკლესიებში, მაგრამ ვინ უშლიდა ხელს? მაშინ თუ ვერ ბედავდა ახლა გაბედავს? დიდი კითხვის ნიშანია.

თუ მხოლოდ საღამოს მისვლა-მოსვლის შეზღუდვის და ეზო-უბნის ბირჟების დაშლაზეა საქმე, გადაჭარბებული ზომა მგონია ეს კომენდანტის საათი. თუ ეკლესიის პრობლემას აქამდე ვერ უვლიდნენ და ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს. მაგრამ შეძლებენ? აღდგომა და ხვალეო: ეს გამოთქმა ასე აქტუალური არასოდეს ყოფილა”. – წერს სოციალურ ქსელში ნოდია.

შეგახსენებთ, პრემიერ გახარიას განკარგულებით, დღეს დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი დაიწყო, რის გამოც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსი. ხოლო საღამოს 21 საათიდან დილის 8 საათამდე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

იტვირთბა....