გურჯაანის საავადმყოფოში მოთავსებული ქალი, რომლის დაჭრაშიც ბრალი საკუთარ ქმარს ედება, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
გურჯაანის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე საავადმყოფოში იმყოფება სავარაუდო ბრალდებულიც.
24 წლის ივანე ნოზაძემ ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც მას ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ნოზაძეს ბრალს დღეს საღამოს ან ხვალ დილით წაუყენებენ.
შეგახსენებთ, გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს-მ მამაკაცი გუშინ დააკავა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.