საქართველოში სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა. აკრძალვა შეეხო ისეთ ღონისძიებებს როგორიც ქელეხი, ან ქორწილია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებაშია მოცემული.
დადგენილების თანახმად, საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით აიკრძალა. შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას და სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცველ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით.
„იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები). 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ ორი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები“, – წერია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.