საქართველოს მთავრობა პრემიერ – მინისტრის დავალებით და საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“უკვე თვენახევარია რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერის დავალებით ჩვენ უკვე მოვახერხეთ 3000-მდე ადამიანის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, იმისთვის, რომ უახლოესი დღეების და კვირეების განმავლობაში იყოს გაწერილი, ქართულ ავიაკომპანია “აირზენა Georgian Airways”- თან ერთად ის მიმართულებები, საიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა. მე ხაზს ვუსვამ ეტაპობრივი გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება” – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, პირველი ფრენა დღეს განხორციელდება და აღნიშნული რეისით საქართველოს მოქალაქეები ბერლინიდან დაბრუნდებიან.
“მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პრემიერის დავალებით, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს საჰაერო გადამზიდავ “აირზენა Georgian Airways”- თან ერთად და დადგენილია გრაფიკი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. ამ კვირის განმავლობაში შედგება 2 რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი- ბერლინი – თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს. ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია ” ეგეოსის” მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი დააბრუნებენ საქართველოს მოქალაქეებს თბილისში.
რაც შეეხება მომავალ კვირას 26 მარტს განხორციელდება თბილისი- ვენა- თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი – ამსტერდამი- თბილისის რეისი. 3 აპრილს განხორციელდება თბილისი – ვარშავა თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხორციელდება თბილისი – ათენი- თბილისის რეისი, 10 აპრილს განხორციელდება ტბილისი – ლარნაკა – თბილისის რეისი” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკანიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სახლში დასაბრუნებლად სხვა რეისების დაგეგმვაც გრძელდება. მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებით ამ რეისებზე ბილეთის მაქსიმალური ფასი 199 ევრო იქნება.