ცნობილი უცხოური გამოცემა THE LOCAL საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს დანიასა და შვედეთში კორონავირუსთან ბრძოლის ხელისუფლებისეულ განსხვავებულ მიდგომებზე. განსხვავებები თვალშისაცემი და რადიკალურია. რომელი მიდგომაა სწორი, შედარებით უფრო მკაცრი თუ ლიბერალური? ამ თემაზე დაპირისპირება სოციალურ ქსელში ისევ აქტუალურია. რას ამბობენ დანიელი და შვედი ექსპერტები? რამდენად გამოდგება განვითარებული ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის?
დანია ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა და დახურა ყველა სკოლა, საბავშვო ბაღი, რესტორანი და კაფე. იქ აიკრძალა ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა. არადა, შვედეთის საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, ბარები და კაფეები ჩვეულებრივ გახსნილია. ამის შესახებ წერს THE LOCAL.
როგორც ორჰუსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ქრისტიან ვეჯსე აცხადებს, იგი მხარს უჭერს დანიის სწრაფ მოქმედებას პანდემიის განვითარების შენელებისთვის.
“ვფიქრობ, ჩვენ მამაცი მთავრობა გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ეკონომიკისთვის მძიმეა, მათ დრამატულად იმოქმედეს და რთული გადაწყვეტილება მიიღეს” – განუცხადა მან ადგილობრივებს.
შვედი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი კი ამბობს, რომ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც არ ემხრობოდა მკაცრ ზომებს, ყველა მხრიდან, პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს – აკრიტიკებენ როგორც მთავრობას, ასევე მეცნიერებს.
”რამდენი მსხვერპლია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს”, – თქვა შვედეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებათა პროფესორმა იოაჰიმ როკლოვმა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
”საზღვრის დახურვა არ ყოფილა ჩვენს სამოქმედო გეგმებში, რადგან არსებობს საკმაოდ მოკრძალებული მტკიცებულებები ასეთი მეთოდების გამოყენების ეფექტურობაზე” – ასეთი რამ განაცხადა დანიური ჯანდაცვის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა სორენ ბროსტრომმა, რომელიც მკაცრ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ის არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი ყოფილა.
შვედმა ანდერს ტეგელმა, რომელიც შვედეთში, კორონავირუსთან ბრძოლაში თანდათანობითი მიდგომის მომხრე იყო, განმარტა, თუ რატომ გამოიყენა შვედეთმა ასეთი უფრო რბილი მიდგომა. მისი თქმით, შვედეთში აღარ არის აქტუალური საზღვრების ჩაკეტვა, რადგან ინფექცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისე გავრცელდა, რომ მოგზაურობების შეჩერებას არანაირი ეფექტი არ ექნებოდა. მისი თქმით,
შესაბამისი ხარჯების დათვლის შედეგად გადაწყდა ისიც, რომ არ დახურულიყო ჯერ სკოლები და საბავშვო ბაღები.
”სკოლების დახურვა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ღონისძიებაა. ჩვენ ვიცით, რომ სკოლების დახურვას ძალიან დიდი ნეგატიური ეფექტი ექნება. თქვენ კარგავთ სამუშაო ძალებს და შრომისუნარიანობას ჯანდაცვის სფეროში, რაც შვედეთისათვის სრულიად მიუღებელია” – განაცხადა ტეგელმა.
ნიშანდობლივია, დანიის ჯანდაცვის მინისტრის, მაგნუს ჰოინიკეს განცხადება. იგი ამბობს, რომ მას არ აქვს მტკიცებულებები, მეთოდი, რომელსაც ის იყენებს, აუცილებლად იმუშავებს.
“თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს გადავდგათ ნაბიჯები უფრო შორს, ვიდრე სამ კვირაში აღმოვაჩინოთ, რომ ნელა ვმოქმედებდით” – თქვა მინისტრმა.
“თუ ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს იმისას, რომ ზუსტად გავიგოთ, რა არის ეფექტური კორონავირუსთან ბრძოლაში, აუცილებლად დავაგვიანებთ…” – ასეთი განცხადება გააკეთა დანიის პრემიერ მინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
საკმაოდ საინტერესო შედარებები გააკეთა ორივე ქვეყანაზე საუბრის დროს შვედმა ეპიდემიოლოგმა ტეგნელმა. ის შეეხო შვედეთის, როგორ ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურ, ასევე დემოგრაფიულ მოდელს და ის დანიას შედარა.
“არსებობს დემოგრაფიული განსხვავებები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს: შვედეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 25 ერთეულით განისაზღვრება, ხოლო დანიის – 137-ით. (თუმცა შვედეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია დიდ ქალაქებში).” – განაცხადა ტეგელმა, რომელიც თვლის, რომ კორონავირუსის კრიზისმა უფრო ღრმა კულტურული განსხვავებები გამოავლინა ორ ქვეყანას შორის, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
“შვედეთსა და დანიას შორის უფრო დიდი განსხვავება აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ჩვენ თითქმის ერთსა და იმავე ენაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ისტორიასა და კულტურას შორის ბევრი საერთოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სოციალური სისტემა, რასაც მოაქვს ის, რომ ხალხი სხვადასხვანაირად რეაგირებს ამა თუ იმ მოვლენაზე” – აცხადებს ტეგნელი.
ტეგნელი თვლის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვერ განსჯის დანიის ხელისუფლებას, მაგრამ მას აქვს ისეთი განცდა, თითქოს მათ იჩქარეს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
”დრო გვიჩვენებს… ჩვენ დავინახავთ, ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, ვინ აღმოჩნდება საუკეთესო”. – აცხადებს ტეგნელი.