ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“დარჩით სახლში, თუ ამის  გადაუდებელი აუცილებლობა არ არის”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.

კალაძე მოხალისეების ჩართულობას აფასებს და მათ გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან – მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან. ყველაზე მთავარი – დარჩით სახლში, თუ ამის  გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში.

დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები (სულ ოთხი არიან), რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ახალგაზრდებმა  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი პლატფორმა  – „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ბოლო დღეების განმავლობაში საოცარი აქტიურობა იყო. მათ შეძლეს, გარკვეული რაოდენობის თანხის მოძიება და 600-მდე ოჯახს, გაჭირვებულებს დავეხმარეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს. ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები და მომავალი თაობა გვყავს. ამ დღეებმა  კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანური და როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება“,- აცხადებს კახა კალაძე.

მერის განცხადებით, დახმარების გასაწევად აქტიურად ერთვება კერძო სექტორიც და მათ აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

“ამიერიდან, უმნიშვნელოვანესია, რომ ის რესურსი, რომელიც ბიზნესში და მოსახლეობაში არსებობს, სწორად გამოვიყენოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურებულია ბიზნესი, კერძო სექტორი. ბევრი გვიკავშირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი მხრიდან ჩართულობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით და ჩართულობით, რადგან ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში და გვმართებს სიფრთხილე – მიმართეთ მხოლოდ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზს, სადაც სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”,-განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....