თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ!
თბილისის მერის ინიციატივა, ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი პროდუქტების პაკეტის გადაცემის თაობაზე, განხორციელების პროცესშია. პროდუქტების გაცემა ბაღებში 19 მარტს დაიწყო და როგორც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ყველა განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. საკვები პროდუქტები გადაეცემა, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა აღსაზრდელის ოჯახს, ვინც, ამის სურვილი გამოთქვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქში ფუნქციონირებს 181 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000 ბავშვი იღებს.
პროდუქტების გადაცემისას, ადგილზე დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, მშობლები შეზღუდული რაოდენობით გამოცხადდნენ, ამ გზით გამოირიცხება ახლო კონტაქტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ეს აუცილებელია.
ძვირფასო მშობლებო, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღში ბაღების ადმინისტრაციასთან შეთანხმებულ დროის მონაკვეთში გამოცხადდით, ასევე, თავი შეიკავეთ სააღმზრდელო დაწესებულებაში თვითნებურად მისვლისგან”.