„თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღებ პრემიერთან შეხვედრისას ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.
კერძოდ, კალაძის თქმით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთი, ან ფართი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული, სამი თვით გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.
დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.
დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. თუ ჩვენ დამატებით ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეს შეღავათები გავრცელდება მომდევნო თვეების განმავლობაში“,- აცხადებს კალაძე.
კალაძის ცნობით, შეღავათი შეეხება ქვემოიჯარეებსაც, კერძოდ, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება აღებული მოიჯარეებისგან და შემდეგ ის კიდევ სხვა ადამიანებზე აქირავებს. ეს გადაწყევტილება ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად, 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად, შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომელიც მოხალისედ არის ჩართული და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარში დგომა.
მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას და ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია, ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.