დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური სერვისებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ.
კალაძე რისკის ქვეშ მყოფ ადამიანების დახმარების მიზნით ჩართულ მოხალისეებსასც მიმართავს და მოუწოდებს, შესაბამისი ცოდნის გარეშე არ იაქტიურონ.
მერი მოხალისეებს სთხოვს, კონკრეტულ აქტივობამდე უწყების ცხელ ხაზზე დარეკონ, სადაც ისინი შესაბამის ცოდნას გაუზიარებენ, თუ რომელ კონკრეტულ სიტუაშიაში როგორ იმოქმედონ.
“მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას – ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.
აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დარეკეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყოთ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები.
ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებული, შევძლებთ, გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას. ყველანი ვთანხმდებით, რომ დღეს ჩვენ ავტობუსების ან საწვავის ნაკლებობა ნამდვილად არ გაგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთობა, რადგან ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.