20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.
სასამართლო სხდომაზე 3 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია.
საქმის პროკურორის გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ჩვენებები, რომლებიც დღეს მოწმეებმა მისცეს, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს.
“მოწმეებთან ერთად მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, სადაც მათ ვერ ნახეს საკუთარი თავი კონკრეტულ მონაკვეთებში, სადაც ასახულია ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ისინი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ესა თუ ის ძალადობრივი მოქმედება მიმდინარეობდა, მუდმივად არ ყოფილან ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით. შესაბამისად, აღნიშნული ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს. შესაძლოა, დროის იმ მონაკვეთში, როცა ისინი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობრივ ქმედებას, თუმცა, სხვა ადგილებში და იმ მონაკვეთებში ჰქონდა, რომლის შესახებაც ვიდეოჩანაწერები წარმოდგენილი გვაქვს სასამართლოში და მოვახდინეთ მათი დემონსტრირება”,- აცხადებს საქმის პროკურორი.
პროკურორის ინფორმაციით, “ქსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილია“.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.