საქართველოს მოქალაქეები ვარშავის საერთაშპრისო აეროპორტიდან თბილისში დღეს კომერციული ავიარეისით დაბრუნდებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს ჩართულობით განხორციელდება.
კონსტანტინიდის თქმით, ამ დრომდე არაა ცნობილი საქართველოს რამდენი მოქალაქე ჩამოვა კომერციული ავიარეისით, ამ მონაცემის დათვლა გრძელდება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნებიდან იყო შეჩერებული ფრენები, იყო გარკვეული შეზღუდვები, ქართულმა მხარემ ავიაკომპანიებთან აქტიურად იმუშავა.
“ჩვენი საელჩოები იყვნენ ჩართული, რომ დამატებითი რეისები განხორციელებულიყო. იგივე არის პოლონეთის შემთხვევაშიც. იცით, რომ პოლონეთს პრაქტიკულად შეჩერებული ჰქონდა ფრენები, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაფრინავდნენ და პოლონეთის მოქალაქეების გადაყვანით იყვნენ დაკავებულნი. აქტიურად ჩაერთო მაშინვე ჩვენი საელჩო. მივმართეთ თხოვნით და იცით, რომ რეისი შედგა, ჩამოიყვანეს საქართველოს მოქალაქეებიც და შემდეგ გაამგზავრეს პოლონეთის მოქალაქეები საქართველოდან.
რაც შეეხება დღეს იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხვალისთვის იგეგმება რეისი ვარშავიდან თბილისში, საელჩო არის მუდმივ კავშირზე პრაქტიკულად ყველა მათგანთან, ჩვენ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია და მოხდება მათი მიყვანა ვარშავის საერთაშორისო აეროპორტში, ეს გახლავთ კომერციული რეისი. საუბარია პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ვარშავაში ან სხვა ქალაქში იმყოფებიან.
მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალყური ადევნონ ინფორმაციას და საჭიროებების შემთხვევაში ქვეყნის წარმომადგენლობას დროულად მიმართონ.