ავადმყოფების მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მკურნალობაზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინე ეზუგბაიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსი მკურნალობის მიუხედავად შესაძლოა პროგრესირებდეს მუდმივად.
“გარკვეულწილად ეს დაავადება, COVID 19, მიუხედავად კარგად ჩატარებული მკურნალობისა შეიძლება პროგრესირებდეს მუდმივად, დაავადების გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში, ამიტომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და მთელი ეს პერიოდი შეფასებების დროს თავს ვიკავებთ. გარკვეულწილად, ნებისმიერ დროს შესაძლებელია პაციენტების მდგომარეობა გაუარესდეს”- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ბინაზე თვითიზოლაციაში იმყოფება და მასზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მასთან რაიმე კლინიკური სიმპტომი გამოვლინდება, მოხდება შეფასება და შესაბამისი მოქმედება.
“პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი შეიძლებოდა გაწერილიყო ჩვეულებრივად, ან გაწერილიყო ბინაზე თვითიზოლაციით. ჩვენთან საქართველოში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს პაციენტები გაწერიდან ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს და ალბათ თუ რომელიმესთან კლინიკური ნიშანი გამოვლინდება, შესაბამისად მოხდება შეფასება და შემდგომი ტაქტიკის არჩევა” – განაცხადა მარინე ეზუგბაიამ.