ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფირმაციით, პირველ პაციენტს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის შედეგად ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რიგით მესამე პაციენტმა სახლში წასვლა პირველსაც დაასწროს.
“პაციენტები რიგითი ნომრით – პირველი და სამი, პირველი ტესტი ჰქონდათ უარყოფითი. მაგრამ არსებული წესებით აუცილებელია ორ თანმიმდევრულ წესში გამოვიდეს უარყოფითი. პირველ პაციენტთან ვერ შესრულდა – მეორე ტესტი იყო სუსტად დადებითი, ამიტომ მას ხელმეორედ ჩაუტარდება ეს ტესტები. რაც შეეხება ნომერ სამ პაცენტს, ჯერ მხოლოდ პირველი ტესტი ჰქონდა უარყოფითი,”- აცხადებს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ სამივე ახალი შემთხვევა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტს უკავშირდება.