“ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ იურიდიული, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უნდა შეუჩერდეთ საპროცენტო გადასახადები და ეს უნდა იყოს არა ბანკების კეთილი ნება, არამედ ეს უკვე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ბანკებს ჩვენს ქვეყანაში ოდნავი წვლილის შეტანაც არ უნდათ იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელიც დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია.
“13 მარტს თითქოს გაცხადდა, რომ კერძო პირებს სამი თვის განმავლობაში პროცენტები შეუჩერდებოდათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა პროცენტების მხოლოდ გადავადება და შეჩერება აზრადაც არავის მოსვლია. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ კომერციული ბანკები არ ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგით.
ამიტომ, მე მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ ეს იყოს უკვე არა ბანკების კეთილი ნება, არამედ სახელმწიფომ უნდა შეძლოს ჩარევა მათ საქმიანობაში და ის პერიოდი, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკლულად პარალიზებულია ეკონომიკისთვის, გამოცხადდეს ფორს მაჟორულად და ნებისმიერ ადამიანს, ფიზიკური პირი იქნება ეს თუ იურიდიული, შეუჩერდეთ პროცენტები. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მითუმეტეს, რომ აქ არავინ საუბრობს ძირი თანხების ჩამოწერაზე”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის განცხადებით, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ლარის რეკორდული გაუფასურებაც.
“როდესაც საპროცენტო შენატანები, საერთაშორისო ვაჭრობა, ტურიზმი გაჩერებულია, მაშინ საიდან ჩნდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოთხოვნა დოლარზე?! გამოდის, კომერციული ბანკები ახდენენ ამ ყველაფრის მანიპულირებას და სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის.
მოკლედ, ბანკები და სააფთიაქო ქსელელები საქართველოში, ვერაფრით მიეჩვიენ, რომ მსგავს ფორს მაჟორულ სიტუაციაში მაინც იცხოვრონ საერთო სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრების ინტერესებიდან გამომდინარე.
მთლიანობაში კი, დღეს მთავრობას ეკონომიკური გუნდიც არ ჰყავს და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ეკონომიკური პროფილის მინისტრების ჩანაცვლებაზე, თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე და გარკვეული სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.