პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც მაუწყებელში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
კილაძის განცხადებით, ობიექტური სურათის შესაქმნელად, მან მოისმინა როგორც ხელმძღვანელობის, ასევე ჟურნალისტების პოზიციები.
“ჩვენ მათაც შევხვდით, ვისაც ჟურნალისტების ნაწილი პრეტენზიებს უყენებს და ჩამომიყალიბდა გარკვეული დამოკიდებულება და შეხედულება. დღეს ჩვენ მოგვაწოდეს კიდევ რაღაც დოკუმენტები და თუ იქ აღნიშნული დეტალები სიმართლეა, ბევრი რამე შეიცვლება,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი აბაზაძის განცხადებით, ჟურნალისტთა ნაწილის ბრალდებები მისი მისამართით დაუსაბუთებელია. მისივე თქმით ის მაუწყებლის ახალი ამბების დამოუკიდებლად მუშაობის გარანტორი იქნება.