ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციამ ძებნაში მყოფი გუკა რჩეულიშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა, კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი.

პროკურატურამ ძებნა, დღეს, მას შემდეგ დაიწყო, რადგან გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და პროკურატურის შეფასებით, თავს არიდებს გამოძიებას, მასზე რამდენიმე საათში ძებნა გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილის მეუღლის ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით, რჩეულიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

როგორც შსს აცხადებს, გუკა რჩეულიშვილს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მან 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლელა კილაძეს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

რჩეულიშვილის მიმართ, ასევე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო. როგორც პროკურატურა აცხადებს, გუკა რჩეულიშვილმა 11 მარტს პოლიციის განყოფილებაში, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებისას, მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა.

შსს-ს განცხადებით, გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....