საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეზღუდვები ვრცელდება ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოებზე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით იმ ოთხ ქვეყანაზე, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები – ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.
“საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:
მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.
ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი ხართ გაიაროთ შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა,კორეის რესპუბლიკა,იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა – (საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა) გავლით:
ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“, – წერია უწყების განცხადებაში.