ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ახალი ანალიზის მიხედვით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც, კლინიკაში რჩება.

ეზუგბაიას ტქმით, პაციენტს ვირუსზე განმეორებითი ტესტი 2-4 დღის ვადაში ჩაუტარდება.

„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებაში. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსმა არ დატოვა ორგანიზმი, გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად. ეს გარკვეულწილად რამდენიმე დღის პროცესია, ნელ-ნელა გავყვებით და ამის განმარტებებსაც მოგცემთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, პირველ პაციენტს სიმპტომები აღარ აღენიშნება და თუ განმეორებითი ტესტი უარყოფითი იქნებოდა, კლინიკიდან მისი გაწერა მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა, ინფიცირების პირველი პაციენტია. შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. გამოვლენილი სიმპტომების გამო ის აზრებაიჯანის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....