“საზოგადოებრივი მაუწყებელი” დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს”.
ტელევიზიის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სხვადასხვა რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს და დიდაუდიტორიანი და სტუმრიანი გადაცემები დახურეს.
მისივე თქმით, არხის ყველა პლატფორმა არის მზად, რომ ყველა ინფორმაცია გააშუქონ და მაუწყებელი საერთაშორისო რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. ასევე, მაღლაფერიძის თქმით, საქართველოს პირველი არხისგან მოსახლეობა ყოველთვის მიიღებს გადამოწმებულ და პროფესიულ ინფორმაციას.
“მშობლებს ვპირდებით, რომ არ უნდა შეეშინდეთ ტელევიზორთან ბავშვების დატოვების, ბავშვებისთვის იქნება ძალიან ბევრი მულტფილმი, ფილმები და მრავალფეროვანი პროგრამა”, — განაცხადა მაღლაფერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.