იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 168-ით გაიზარდა. სულ გარდაცვლილია 631 ადამიანი.
ბოლო ერთ დღეში თითქმის ათასით მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამაც.
ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1004 პაციანტი უკვე გამოჯანმრთელდა. კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 800-ზე მეტი ადამიანი.
გუშინ იტალიის მთლიანი ტერიტორია საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აიკრძალა ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება. გაუქმებულია კულტურული, რელიგიური, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, გარეთ გასვლის შემთხვევაში კი ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაციას აძლევს.
ვირუსის პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებს, რომლებმაც იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს, დღეს პორტუგალიაც შეუერთდა. 14 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორი ყველა ავიარეისი გაუქმდა.