უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ წარდგენის შემდეგ “ქრონიკასთან” განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, წარდგენა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა შეთავაზებაზე უარი არ თქვა.
„მე შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი კანდიდატურის დასახელება ამ ეტაპზე, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო და თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი, რომ სასამართლოს დღეს მიეცა პირველად შანსი, რომ მოსამართლეთა წიაღიდან იყოს გამოსული თავმჯდომარე, ამიტომ, უარი არ ვთქვი და უკან არ დავიხიე ამ შეთავაზებაზე. დანარჩენს ალბათ მომავალი გვაჩვენებს“, – ამბობს ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„უიმედოდ განწყობილი არ ვარ, თუმცა ალბათ ამას პარლამენტი გადაწყვეტს. ეს მათი კომპეტენციაა, მათ კომპეტენციაში მე ვერ შევიჭრები და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან“,- განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იუსტიის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.