15-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან.
თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად შესაბამისი ნაბიჯი გადადგა და კრიზის მართვის მაღალი უნარები გამოავლინა, რამაც გათავისუფლების პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მეზღვაურებს საქართველოში თავად ჩამოიყვანენ.
აღვნიშნავთ, რომ გემთმფლობელთან ერთად პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და შედეგის სწრაფად დადგომისთვის ყველა მხარემ კოორდინირებულად იმოქმედა“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.
ცხრა მეზღვაური, მათ შორის ოთხი ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს. მეზღვაურები 6 მარტს გაათავისუფლეს.