ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომელ მხარეს აქვს მომგებიანი პოზიცია 120/30-ზე მოდელის პირობებში – “მეტრონომთან” ექსპერტები საუბრობენ

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა სპექტრმა, საარჩევნო სისტემის მოდელზე, ხანგრძლივვადიანი ოფიციალური თუ არაფორმალური მოლაპარაკებების შემდეგ,  8 მარტს შეთნხმებას მიაღწიეს. შეთანხმება არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებას, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერებს გულისხმობს. რომელი მხარე ჩადგა აღნიშნული შეთანხმებით მომგებიან პოზიციაში და შეიცავს თუ არა ის “ხაფანგებს” ხელისუფლების ან ოპოზიციისთვის? – აღნიშნული შეკითხვებით “მეტრონომმა” ექსპერტებს მიმართა:

ხათუნა ლაგაზიძე: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეთანხმებით, მეტ-ნაკლებად, ორივე მხარემ მოიგო და ორივე წავიდა კომპრომისზე. ოპოზიციამ აჩვენა, ერთიანობას რამხელა ძალა აქვს და ერთიანობა არის ის მთავარი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში, ოპოზიციას ხელში ეჭირა. ოპოზიციამ მიიღო იმაზე უკეთესი მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო 77/73-ზე ან 100/50-ის შემთხვევაში. ეს ოპოზიციის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის არჩევნებზე. რა მოიგო ხელისუფლებამ? – ხელისუფლებამ შეაჩერა საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ფაქტობრივად, აგრესიაში გადადიოდა ხელისუფლების მისამართით. ხელისუფლებამ მოიგო 1%-იანი ბარიერით. ის მურმანის ეკალივით ჩააგდო ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საარჩევნო სიაზე საუბარი დაიწყება, კოალიციების ფორმირების შემთხვევაში, 1%-იანი ბარიერი არის საცდური ოპოზიციური მცირერეიტინგიანი პარტიებისთვის, რომ ცალცალკე მოსინჯონ ძალები არჩევნებში. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ერთ დეპუტატსაც ვერ გაიყვანს, მაგრამ სამაგიეროდ, დაიქსაქსება ოპოზიციური ელექტორატი, რაც არის მთავარი პრობლემა და რაც მთავარია, დაიქსაქსება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსი. ეს არის ხაფანგი. რაც შეეხება 40%-იან ჩამკეტს, ორივე მხარეს აძლევს ხელს”.

თორნიკე შარაშენიძე: “პროპორციულ სისტემასთან შედარებით, აღნიშნული შეთანხმებით, ხელისუფლება დგება მომგებიან მდგომარეობაში, აქამდე არსებულ სისტემასთან შედარებით კი, ოპოზიცია. როგორც იყო ადრე, ის აწყობდა ხელისუფლებას, შესაბამისად, მოგებული დარჩა ოპოზიცია. რაც დაპირდა ხელისუფლება საზოგადოებას – პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ახლა 120/30-ზე დათანხმდა, ამით მოგებული დარჩა მმართველი გუნდი. რა მოხდება არჩევნებამდე, არ ვიცით. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. ამ ეტაპზე, შანსები არის 60/40-ზე მაინც უფრო “ოცნების” სასარგებლოდ. რაც შეეხება 1%-იან ბარიერს, ეს უფრო პატარა პარტიებს ეხება. დიდი პარტიები, რომლებიც ახლა გაერთიანებაში არიან, დარჩებიან ერთად. ვიმეორებ, არჩევნების მოგების შანსი ამ ეტაპზე “ოცნებას” აქვს, მაგრამ არჩევნებამდე როგორ მიაღწევს, ეს არავინ იცის”.

ზაალ ანჯაფარიძე: “პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯი. მედიატორების ჩარევით მოხდა იმის დადგენა, როგორი საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევები. გააცნობიერეს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყანას დესტაბილიზაციამდე მიიყვანდა და მოახდინეს რაღაცნაირად სამოქალაქო კონფლიქტის პრევენცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კომპრომისული შეთანხმება – ყველა მხარემ რაღაც დათმო, შესაბამისად, ყველამ მხარემ მიიღო ის მინიმუმი, რაც შეიძლებოდა მიეღო. ვინ იქნება საბოლოო ჯამში მოგებული, ამას არჩევნები აჩვენებს. 1%-იან ბარიერზე ვიტყოდი, რომ ოპოზიციის ერთობა ისედაც ძალიან მყიფეა, “ხელის შეშველება” ხელისუფლებისგან არა მგონია დიდად სჭირდებოდეს. რაც შეეხება 40%-იან ჩამკეტს, ვინ იგებს ამით, ეს გამოჩნდება არჩევნებში. ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, პარტიებს ჯერ პროგრამებიც არ წარუდგენიათ ხომ. წინაასარჩევნო პერიოდში გამოკვეთება, ვისკენ გადაიხრება ამომრჩევლის სიმპათია”

რამაზ საყვარელიძე: “თუ მომგებიანობაზე გადავიტანთ აქცენტს, პატარა პარტიები ჩადგნენ მომგებიან პოზიციაში, თითქმის ნულოვანი ბარიერის გამო. კომპრომისი იმის კომპრომისია, რომ არავინ არ არის არც მოგებული, არც წაგებული. ანუ ერთნაირად არიან როგორც მოგებულები, ისე წაგებულები. ოპოზიცია ადრეც ამბობდა, რომ ისინი ერთიანები არიან, კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად. ანუ ესენი თავისთავად უკვე დაშლილები იყვნენ. ასე რომ, 1%-იანი ბარიერი ამას, ალბათ, ცოტათი უფრო შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება 40%-იან ჩამკეტს, ამაზე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მათთვის არის უფრო ხელსაყრელი, მაგრამ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თვითონ ხელისუფლება ამით არაფერს კარგავს, რადგან უფრო მეტი პროცენტობის აღებას ვარაუდობენ. ვნახოთ, არჩევნები გვაჩვენებს”.

გია ხუხაშვილი: “ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა იმიტომ, რომ ეს მოდელი სარისკოა მისთვის. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამ მოდელით, ამომრჩევლის წინასწარი განწყობებით, ხელისუფლება არჩევნებს ვერ იგებს, აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ იღებს, თუმცა, ვერ იღებს ვერც ოპოზიცია. ფაქტობრივად, იქმნება წინაპირობა მულტიპარტიული დემოკრატიის, რაც არის ევროპისთვის დამახასიათებელი.  ამაში არაფერი საპანიკო არ არის. ეს არის კარგი. ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, დღეს არის უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე იყო გუშინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას, მაგრამ რისკი იმისა, რომ დაკარგოს, საგრძნობლად გაიზარდა. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მე არ განვიხილავდი ერთ მონოლითად. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ახლა მაქსიმალურად უნდა გაიშალოს, რომ მოიცვას საპროტესტო ელექტორატის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ის სეგმენტიც, რომელსაც არ უნდა არც წარსული “ნაციონალური მოძრაობის” სახით და არც აწმყო “ქართული ოცნების” სახით. იმისთვის, რომ ეს სეგმენტი იქნას ათვისებული, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს”.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის საარჩევნო სისტემის მოდელზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

იტვირთბა....