ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თალაკვაძე კი არა, კიმ ჩენ ინი არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას, მაგრამ ოცნებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა” – კოჟორიძე

“ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ მიღებული შეთანხმების იმ ნაწილით, რომელშიც მართლმსაჯულებაზეა საუბარი, მმართველი პოლიტიკური გუნდი ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს.

როგორც კოჟორიძემ “მეტრონომს” უთხრა, “ოცნების” ლიდერები მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არ საუბრობენ ქვეყანაში პოლიტიპატიმრების არსებობის შესახებ, ბოლო პერიოდში, მათი მხრიდან მართლმსაჯულების დეპოლიტიზების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა.

“ოცნება” ამბობს, რომ შეთანხმების ტექსტის მეორე ნაწილი ეხება მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზებას, ეს უკვე იმას ნიშავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიზებული. და პოლიტიზებული რომ არის, ეს განყენებული კი არ არის, კონკრეტულ ადამიანებს ეხება, მათ შორის, უკვე დაპატიმრებულებს და იმ ადამიანებს, რომლებზეც მიმდინარეობს დევნა და გამოძიება და ა.შ. მათ შორის არიან “ლელოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ცხადია, იმის მოლოდინი არ გვქონდა ჩვენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებაში გვარები და სახელები ჩაიწერებოდა. დისკუსიისა და დიალოგის დროს, შეთანხმების პროცესში, რა თქმა უნდა, იყო გვარებსა და სახელებზე საუბარი, როგორც ამ შეთანხმების უშუალო მონაწილეები საუბრობენ ამაზე, მაგრამ შეთანხმებულ პოლიტკურ დოკუმენტში, ცხადია, სახელები და გვარები არ დაიწერება.

“ქართული ოცნება” ასე პირდაპირ არ იტყვის, რომ მაგალითად, მამუკა ხაზარაძეზე მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა ან უკვე გამოშვებული ოქრუაშვილის დაცვის წევრი იყო პოლიტიკური პატიმარი – ამას არ იტყვიან, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მოხდა ზუსტად კოშაძის გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ დაიწყეს ამ ნაბიჯების გადადგმა, რაც რა თქმა უნდა, კარგია და მისასალმებელია. ისიც ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს იმართებოდა, ახლა შესვენებები არის. შედეგებს დავინახავთ, იმედია და “ქართული ოცნება” კვლავ არ შეირცხვენს პირს.

ჟურნალისტებთან საუბარში არ იტყვიან, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. ამას თალაკვაძე კი არა, კიმ ჩენ ინი არ იტყვის, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები. თუმცა, ქართული საზოგადოებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც თანხმდება იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს და ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს და “ქართულმა ოცნებამ” ეს ტექსტიც იმიტომ მიიღო, რომ ასეთი აღქმა არსებობს. კოშაძე გამოუშვეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე ამბობდნენ, რომ საშიში დამნაშავეები არიან, რომ ყოველ მეორე დღეს სასამართლოში უნდა იარონ,  მაგრამ რამდენი ხანია, სიუჟეტი არ ყოფილა მათი სასამართლო პროცესის შესახებ. ამ ფორმით გამოხატავენ ისინი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს”, – უთხრა “მეტრონომს” კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია.

საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხება, გავრცელებულ ტექსტში წერია:

„ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“.

აღსანიშნავია, რომ ტექსტის აღნიშნულ ნაწილს „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....