ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების მეცამეტე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვახო სანაიას “დღის ამბებში”, “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 დადასტურებული შემთხვევაა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მე-13 პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, თბილისში არ იმყოფება.

“კიდევ ერთი ერთი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, არ არის ჩვენს საავადმყოფოში და არ არის თბილისში. დიდი ალბათობით, ის რომელიმე სხვა ჰოსპიტალშია მიყვანილი, რომელიც გამოყოფილია ინფიცირებული პაციენტებისთვის”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 50 პაციენტი იმყოფება.

“მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი. ახლა ჩვენთან სულ იმყოფება 12 დადასტურებული შემთხვევა. ამ 12-დან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. რაც შეეხება ნიკა გამყრელიძეს, ის ამ სამიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველად ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ჯამში 13 ადამიანია ინფიცირებული. დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

იტვირთბა....