კორონავირუსთან დაკავშირებით გამკაცრებული წესების შესაბამისად, ფოთის პორტში დღეს შესული, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს ხმელეთზე გადმოსვლა აეკრძალათ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს სიცხე აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
როგორც სააგენტო აცხადებს, 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. გემმა 14 თებერვალს ტუნისის ნავსადგური ბიზერტა დატოვა.
მათი თქმითვე, მეზღვაური გემზე 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება. მათივე განმარტებით, წინა ნავსადგურის დატოვების დროს კი მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული.
“დილის 10:10 საათზე გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური და მისი განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს”, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სიმპტომების არქონის მიუხედავად ეკიპაჟის ყველა წევრს ხმელეთზე გადმოსვლა აეკრძალა.