“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” თბილისში თებერვალში გამართული საპროტესტო აქციების მონიტორინგი ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატური იყო სამართალდამცველების რეაგირება.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური შინაარსის 8 აქცია შეისწავლეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში აქციების რაოდენობა შემცირდა და ის ძირითადად კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. შესაბამისად არ არსებობდა პარლამენტში საშვის მქონე პირთა დაშვების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი.
მათივე ცნობით, ასევე არ იყო აუცილებელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული შეკრების დროს სამართალდამცველთა მიერ შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება.
“ზოგიერთ შემთხვევაში აქციაზე დამსწრე სამართალდამცველების რაოდენობა აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას. სამ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი საშვები, არ შეუშვეს პარლამენტის შენობაში, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი,” – განაცხადა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში”.